English / ქართული / русский /
ხათუნა ბერიშვილი
Covid 19-ის ზეგავლენა საქართველოს საინვესტიციო გარემო ცვლის დინამიკაზე

ანოტაცია. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციამდე, ქვეყანაში დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთ მექანიზმად მიჩნეული იყო სოციალური დისტანცირება და იზოლაცია (lockdown). კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვეყანაში მიღებულ იქნა ისეთი ზომები, როგორიცაა: საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა; წარმოებისა და მომსახურების სფეროების დაპაუზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერება; კომენდანტის საათის გამოცხადება და სხვა.

საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ებრძვის ახალ კორონავირუსს, დგას ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის ალტერნატივის წინაშე. სოციალური დისტანცირება და გლობალური ჩაკეტვა ხელს უწყობს პანდემიის გავრცელებას, ამასთან ზღუდავს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის საინვესტიციო აქტივობას.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ზრდა, პანდემია, საინვესტიციო აქტივობა, კრიზისი, დაძლევის გზები.

* * *

2008 წლის მსოფლიო კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2010-2014 წლებში საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები დინამიური ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2015-2016 წლებში მათი მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ხოლო, 2017 წელს ინვესტიციების ოდენობამ თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია, რაც განპირობებული იყო წინა წლებში დაწყებული მეგაპროექტის, განსაკუთრებით კი შაჰ-დენიზის გაზსადენის მშენებლობით. 2018 წლიდან ქვეყანაში ინვესტიციები მცირდება, ხოლო საინვესტიციო აქტივობა 2014 წლის მაჩვენებელსაც ვერ აღწევს. 2020 წელს, საქართველოში 617 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 53%-ით (694 მლნ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე [https://www.geostat.ge/].

საინვესტიციო აქტივობის ანალიზის პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მისი წილის დადგენას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა 2012-2013 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ინვესტიციებმა მშპ-ს 5.8% შეადგინა. 2014 წლიდან ინვესტიციები მშპ-ის მიმართ იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ისინი 2016 წელს (11.4%) და 2017 წელს 12% აღწევენ, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.1%-ია. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზებს შორის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ინვესტორთა მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი საწარმო გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, ხოლო არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების მიმართ შემცირდა ვალდებულები (სასესხო დავალიანების დაფარვა) [https://bit.ly/38RtKbu], თუმცა, ამ მიზეზების გარდა, შემცირების მთავარი გამომწვევი იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამაც აზერბაიჯანიდან მიღებული ინვესტიციების თითქმის განახევრება გამოიწვია. ამას ემატება: დემოკრატიის, სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისა და ინვესტიციების დაცულობასთან დაკავშირებული პრობლემები [https://econ.st/3ft3Mxw].

ბოლო პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებამ. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერების საკითხზე [https://bit.ly/2DzpfGQ]. ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პორტის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს საინვესტიციო გარემოს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ახალი დიდი საინვესტიციო პროექტები აღარ დაწყებულა და ვერც ეკონომიკა იზრდება იმ ტემპებით, რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა მოახდინოს, შედეგად მივიღეთ ინვესტიციების კლება.
ქართველოში განხორციელებული ინვესტიციების სექტორული ანალიზის დროს აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია 2020 წელს საფინანსო სექტორზე მოდის 64,9 და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ეს სექტორი ყველაზე უკეთ არის განვითარებული.

რეგიონების მიხედვით, ლიდერია თბილისი, რომელზეც მთლიანი ინვესტიციების 63% მოდის.

წყარო: https://www.geostat.ge/

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის მონაცემებით, 95.3% შეადგინა და ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: გაერთიანებული სამეფო- 49.9%, ნიდერლანდი - 27.9% და თურქეთი - 17.5%.

საინვესტიციო აქტივობის ანალიზის პროცესში მნიშვნელოვანია ოფშორებიდან განხორციელებული ინვესტიციების შესწავლა. ოფიციალური სტატისტიკით, 2010-2018 წლებში ოფშორებიდან საქართველოში 5 მლრდ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ინვესტიციების 38%-ია. აქ ლიდერობს პანამა - 300 მლნ დოლარით, მალტა - 239 მლნ დოლარით, ვირჯინიის კუნძულები - 96 მლნ დოლარით, ბელიზი - 64 მლნ დოლარით და ა.შ. [T.Shengelia 2020].

ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილება ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობები და ამ კომპანიების მესაკუთრეთა ტრანსპარენტულობის პრობლემა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული სააგენტოს პირდაპირი მოთხოვნაა. საქართველოში ობშორული ინვესტიციების ტრანსპარენტულობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

საინვესტიციო აქტივობის ზრდის თვალსაზრისით ქვეყანაში მნიშვნელოვანია მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით ქვეყნების საინვესტიციო გარემოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები იკვლევენ და შესაბამის რეიტინგებს ადგენენ. მათ შორის მნიშვნელოვანია: ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing business) და ეკონომიკური თავისუფლების (Heritage Foundation) ინდექსები, რომელთა შორის საქართველოს მაღალი შეფასებები აქვს. მაგალითად, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, 2020 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში (190 ქვეყანას შორის) მე-7 ადგილზე, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით (180 ქვეყანას შორის) მე-12 ადგილზეა, რაც შეესაბამება უმეტესად თავისუფალი ქვეყნის პოზიციას. ამ რეიტინგებში არ აისახება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა. ასევე, ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო აქტივობაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აგრეთვე დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემები. დემოკრატიის ინდექსის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 89-ე ადგილს იკავებს [https://econ.st/3ft3Mxw].

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ამ ინდექსის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმით - „საკუთრების უფლების დაცვა“ მსოფლიოში 49-ე ადგილზეა, რაც ინვესტორისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ინდექს მუნდის მიხედვით, ლოჯისტიკური წარმადობის კუთხით საქართველო 133-ე პოზიციაზეა, 2.35 ქულით, რაც საშუალოზე დაბალია [https://bit.ly/3et8Ct4]. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად მოქმედებს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი [https://bit.ly/3fryxmz].

საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის ლიბერალური საგარეო სავაჭრო რეჟიმი (განსაკუთრებით, ხელშეკრულებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთსა და ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულთან) და უცხოური კაპიტალის გადაადგილებაზე კონტროლის არარსებობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც დამატებით ღირებულებას სძენს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს. ქვეყანას გააჩნია იმისი პოტენციალი, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს, რაც მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალი ამ ეტაპზე სრულად ათვისებული არ არის, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით კი ამ ორ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბოლო წლებში ლოჯისტიკური მომსახურების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესებში, რამაც გლობალური ბაზრის ჩამოყალიბება განაპირობა. მზარდი კონკურენციის პირობებში აუცილებელი გახდა ლოჯისტიკური მომსახურების სერვისის გაუმჯობესება, რასაც განაპირობებს გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ის ქვეყნები, რომლებიც ქმნიან ეფექტიან სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, იზიდავენ იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად აუწყოს ფეხი მსოფლიო ტენდენციებს და საკუთარი ნიშა დაიკავოს მსოფლიო სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ რუკაზე, რითაც დამატებით საინვესტიციო მიმზიდველობას შესძენს ქვეყანას.

2020 წელს მსოფლიოსთვის ახალი საყოველთაო გამოწვევა კორონავირუსის პანდემია გახდა. პანდემიის მასშტაბმა და ინფექციის გავრცელების სწრაფმა ტემპმა წლის დასაწყისშივე განაპირობა ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა, რამაც არნახული ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. უდავოა, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება ეკონომიკური ზრდის ტემპი მსოფლიოში. აღნიშნული კი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვამ, ეკონომიკური საქმიანობის დაპაუზებამ და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების გადადებამ გარკვეულწილად შეამცირა ეკონომიკის ზრდის ტემპები. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი და პანდემიის უარყოფითი შედეგები აისახა ეკონომიკურ ზრდაზე. 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად დაეცა. ასე მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები ტურიზმის სექტორში, სადაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, კლება 76%-ს შეადგენს, ტრანსპორტის სექტორში - 76%, ამასთან გაიზარდა ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში (ზრდა 3%). ტურიზმი და ტრანსპორტი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგებია, თუმცა პანდემიის ნეგატიურმა ეფექტმა ეს სექტორები ყველაზე მეტად დააზარალა [Shengelia, 2020].

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკური ზიანის შეფასების ფონზე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია:

• საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა - მათ შორის უკვე მომზადებული კანონის “საინვესტიციო ფონდების შესახებ” დამტკიცება და გადახდისუუნარობის კანონპროექტის შემუშავება;
• მომსახურების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია (5G) სისტემაზე გადასვლის დაჩქარება, რაც სტიმულს მისცემს ადგილობრივ და უცხოურ სტარტაპებს განახორციელონ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ბიზნესპროექტები;
• საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით ქვეყანაში მიუკერძოებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის არსებობა;
• გამართული სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის არსებობა.

ზემოთ წარმოდგენილი ღონისძიებები სრულად ვერ ასახავს ფაქტორების იმ ნუსხას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე. ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ამ ფაქტორთა ნუსხა გაცილებით ვრცელია.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექსპერტულ წრეებში აქტიურად განიხილება მოსაზრება ახალი კორონავირუსის გამოწვევების დამატებით შესაძლებლობებზე. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოს ნამდვილად წარმატებულად შეუძლია პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკური განვითარების გაჯანსაღების პროცესს.

დასკვნა

ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არასტაბილური დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ წლებში ის კლებით ხასიათდება. კორონავირუსის პანდემიამ მთლიანად მსოფლიოს და, შესაბამისად საქართველოს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ზიანი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას Covid-19-ის გავრცელებამ მიაყენა, მძიმე ნეგატიურ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. პანდემია აფართოებს კონკურენციას ინვესტიციების საერთაშორისო ბაზარზე. იზრდება ხელისუფლების როლი შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვის თვალსაზრისით. საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზე გავლენას ახდენს: სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, სამართლიანი სასამართლო, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, სტრატეგიული მდებარეობა, კორუფციის დაბალი დონე, რაც მეტ მიმზიდველობას მატებს მის საინვესტიციო გარემოს. ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა არ ხასიათდება პოზიტიური დინამიკით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბერიშვილი ხ. ,,პუი-ის ზეგავლენა რეციპიენტი ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებაზე’’. პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, სამეცნ. შრომების კრებული, ტომი 13.
2. Foreign direct investment flows in the time of COVID-19. იხ. http://www.oecd.org/ coronavirus/policy-responses/foreign-direct-investment-flows-in-the-time-of-covid-19-a2fa20c4/
3. The Coronavirus Shock: a Story of Another Global Crisis Foretold and What Policymakers Should Be Doing about It.” UNCTAD, 9 მარტი 2020. იხ: https://bit.ly/2WwcW5O.
4. T.Shengelia 2020. The post-coronavirus economy of the world and Georgia. // Economic and Business № 12
5. T. Shengelia 2017. The role of state regulation of investment in the Georgia business development. International business in the world economic system
6. T Shengelia. 2020 Export potential of Georgia. World economy and international economic relations 3, 29-33
7. https://www.geostat.ge
8. https://bit.ly/38RtKbu
9. https://econ.st/3ft3Mxw
10. https://bit.ly/2DzpfGQ